logo
ENG



ადვოკატები გეგმავენ, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

01 ნოე 202111:31
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 32 დღეა, შიმშილობს. 

2-დღიანი პაუზის შემდეგ დღეს, 1-ლ ნოემბერს მის მოსანახულებლად სააკაშვილის მეგობარი, რადას დეპუტატი, ლიზა იასკო შევიდა. მას შემდეგ, რაც იასკო სასჯელაღსრილების დაწესებულებას დატოვებს, მასთან ადვოკატები შევლენ.  

შესვლამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული და ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

მისივე თქმით, დაცვის მხარე გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის საქმეთან დაკავშირებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 

"შიმშილობა არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ძალაინ მძიმე პერიოდია. ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ჩვენ მათ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია. აქედან გამომდინარე, ადგილზე სამართლის პოვნა არის ძალიან რთული. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზა". - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას დაცვის მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინა. შესაბამისად, მისი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დღეს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ადვოკატები რუსთავის ციხეს დატოვებენ.  

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს არის დანიშნული. ეს სააკაშვილის შიმშილობის 41-ე დღე იქნება. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა